დღის ცენტრებში მომსახურეობით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამის მიზანი შშმ პირების სოციალიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაა

ა (ა)იპ „ბავშვი ოჯახი, საზოგადოება“ ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, რომლებზეც ეტაპობრივად დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
დღეს მოგიყვებით დღის ცენტრებში მომსახურეობით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამაზე. მისი მთავარი მიზანი შშმ პირების საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვა, მათი სოციალიზაცია და ინტეგრაციაა.
სპეცმასწავლებელი ელენა ჯიბღაშვილი ბენეფიციარებს ყველა იმ საჭირო უნარ-ჩვევის გამომუშავებაში ეხმარება, რაც მათ სწორედ გარე სამყაროსთან ინტეგრაციაში სჭირდებათ.
ელენა ჯიბღაშვილი ჩვენს გუნდს 1 სექტემბრიდან შემოუერთდა. მისი ძირითადი პროფესია არ უკავშირდებოდა შშმ პირების მიმართულებით მუშაობას, თუმცა მან ჩვენს ორგანიზაციაში წარმატებით გაიარა ნეირო-ფსიქოლოგიის, ასევე პირველადი დახმარების, კრიზისული ქცევის მართვის ტრენინგები, ასევე – შშმ პირთა დღის ცენტრის მოსამზადებელი/კვალიფიკაციის ასამაღლებელი თეორიული სატრენინგო კურსი. ის მუშაობის პერიოდის განმავლობაში მიხვდა, რომ სამომავლოდ ფსიქოლოგიის პროფესიის შესწავლას აპირებს, რადგან სამუშაო პროცესში მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები გამოიკვეთა.
ა(ა) იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დღის ცენტრებში მომსახურეობით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამამ შეცვალა ელენა ჯიბღაშვილის გადაწყვეტილება კარიერული მიმართულებით.
„ჩვენი პროგრამის ამოცანაა შშმ პირების მხარდაჭერა და მათთვის ყველა იმ საჭირო უნარ-ჩვევის გამომუშავებაში დახმარება, რაც გარე-სამყაროსთან ურთიერთობაში ეხმარებათ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მომსახურების სფეროს, როგორიცაა: მაგ. მაღაზიაში წასვლა, პროდუქციის შერჩევა, მათი შეძენა და ა. შ.
მე ვარ სპეცმაწავლებელი და ჩვენს ბენეფიციარებს ვეხმარები, რომ ამ კუთხით საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინონ. პერიოდულად ვაწყობთ როლურ თამაშებს. მაგ. სავარჯიშო ბაზარი, სადაც ბენეფიციარები ეუფლებიან ფულის მენეჯმენტის უნარ-ჩვევებს.
პერიოდულად გვაქვს კულინარიის დღეები. ამ აქტივობაში ბენეფიციარები უშუალოდ არიან ჩართულები, ისინი თავად ახორციელებენ შესყიდვის პროცედურას, პროდუქტის არჩევას და ა. შ. ამის შედეგად კი, მათ დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები უმუშავდებათ“, – ამბობს ელენა ჯიბღაშვილი.