Search
Close this search box.

დმანისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა

ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით, იწყებს ახალ ეტაპს რეგიონული განვითარების მიმართულებით — ამჯერად დმანისში გაიხსნა დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
 
ცენტრში იმუშავებს ადრეული ინტერვენციის სპეციალისტიც და სერვისებს მიაწვდის 0-7 წლამდე შშმ ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებს.
 
ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას” დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ  გამოუყო შესაბამისი ფართი შშმ და სოციალურ დაუცველ ბავშვთა სერვისების დანერგვისათვის.
 
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) მეშვეობით შესაძლებელი გახდა დღის ცენტრისთვის გამოყოფილი ფართის გარემონტება და თანამედროვე საჭიროებების შესაბამისად აღჭურვა .
 
ცენტრი განკუთვნილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები 6-18 წლის შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.
ცენტრი უზრუნველყოფს ბავშვებისათვის საჭირო სერვისების მიწოდებას მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.
  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან აქამდე სერვისების მისაღებად მათ უწევდათ თბილისის ან სხვა რეგიონების მიმართულებით გადაადგილება.
 
დღეს ცენტრის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის მშობლებისა და ოჯახების წევრთა ჩართულობას  ბავშვის განვითარებაში.
 
ცენტრში დაგეგმილია ინდივიდუალური და ჯგუფური სესიები, რომლებიც მორგებულია ბავშვების საჭიროებებს.
 
გახსნის ღონისძიებას ორგანიზაციის გუნდთან ერთად ესწრებოდნენ :
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები,
ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს თავმჯდომარე, წარმოდგენილი იყვნენ კოლეგები არასამთავრობო სექტორიდან.
 
 მადლობას ვუხდით ყველა აქტორს გაწეული მხარდაჭერისა და პროექტში შეტანილი წვლილისათვის.
 სწორედ მათი დახმარებით გახდა შესაძლებელი რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის ხარისხიანი და ღირსეული სერვისების მიწოდება.
 ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნას ისეთი სივრცეები, სადაც ყველა ბავშვი შეძლებს მიიღოს მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.