Search
Close this search box.

როგორ ამოვიცნოთ დისლალია ბავშვებში?

როგორ ამოვიცნოთ დისლალია ბავშვებში?

დისლალია არის ბგერათაწარმოთქმის დარღვევა. ამ დარღვევის მქონე ბავშვები სიტყვებში ტოვებენ ბგერებს ან არასწორად ამბობენ მათ.
ხდება გამოტოვებული ბგერების სხვა უფრო მიმსგავსებული ბგერებით ჩანაცვლება. მიუხედავად ამისა, ბავშვს შესაძლოა საკმაოდ კარგი ლექსიკური მარაგი ჰქონდეს და წინადადებების შედგენა/აწყობაც არ უჭირდეს.

დისლალია ორი სახისაა: ფუნქციური და ორგანული. ამ ბლოგში ვისაუბრებ მხოლოდ ფუნქციურ დისლალიაზე.

ორგანულია დისლალია, როცა ადგილი აქვს ორგანულ დაზიანებას ყბის, ტუჩის, სასის, ენის. ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ესაა ფუნქციური დისლალია.

რა იწვევს ფუნქციურ დისლალიას?

  • ბავშვის ხშირი ავადმყოფობა ადრეულ ასაკში. (განსაკუთრებით მეტყველების ჩამოყალიბების დროს)
  • დაგვიანებული მეტყველება.
  • არასამეტყველო გარემო.( არ აქვს ურთიერთობა თანატოლებთან, ტექნიკის ხშირი გამოყენება და ა.შ)
  • დამახინჯებული ბგერების გამოყენების სტიმულირება. (როცა ოჯახის წევრიც მოფერების მიზნით დამახინჯებული ბგერებით ესაუბრება ბავშვს.)
  • ფონემატური სმენის ჩამოუყალიბებლობა.( ვერ ანსხვავებს ფონემეს-ბგერებს აუდიალურად)

ფუნქციური დისლალიის დროს სამეტყველო აპარატის აგებულება ნორმალურია, მაგრამ ბავშვს თავის დროზე არ უყალიბდება საარტიკულაციო ორგანოების მოტორული მზადყოფნა.

განასხვავებენ დისლალიის სამ ფორმას:

    1. როცა ბავშვს დარღვეული აქვს ბგერის სენსორული აღქმა. ამის მიზეზი კი ფონემატური სმენის განუვითარებლობაა. ვერ ანსხვავებს სმენის საშუალებით რა განსხვავებაა ბგერებს შორის. ამის გამო შესაძლოს რ-ლ ჩანაცვლება მოხდეს, დ-ტ, ზ-ს და ა.შ
    2. როცა ბავშვი ბგერას ცვლის სხვა ბგერით, რადგან იგი უფრო მარტივად გამოითქმის მისთვის. მაგ : ბგერების- „გ,ქ,კ“ ჩანაცვლება ხდება შემდეგი ბგერებით- „დ,თ,ტ“. ამ დროს ფომენატური სმენა ბავშვს აქვს, ანუ ბგერას შეიგრძნობს და ესმის. შესაბამისად მუშაობის დროს ეს მის ძლიერ მხარედ უნდა გამოვიყენოთ.
    3. როცა ბავშვი ამახინჯებს ბგერებს. ხშირად წარმოთქმული დამახინჯებული ბგერა ახლოს დგას იმ ბგერასთან რაც უნდა გამოეყენებინა, ამიტომ მოსაუბრე მაინც მარტივად ხვდება მის ნათქვამს.

რჩევები:

პირველ რიგში დროულად უნდა მივმართოთ მეტყველების სპეციალისტს.
სწორად ვისაუბროთ ბავშვთან, ენის მოჩლექის ან ბგერების დამახინჯების გარეშე.
ხშირად გავაკეთებინოთ საარტიკულაციო ვარჯიშები, დაკავშირებული სუნთქვასთან, სახის მიმიკებთან, ტუჩების სასაცილო მოძრაობასთან, ენის თამაშებთან. (ამაზე მოგვიანებით დეტალურად დავდებ ინფორმაციას)
გამოვიყენოთ სარკე, როცა სახეზე გვაქვს ფონემატური სმენის განუვითარებლობა და სარკის დახმარებით ვეცადოთ სწორად გამოვთქვათ სიტყვები, ბგერები.
ვისაუბროთ ბავშვებთან ხმის ნელი ტემბრით, ვაკონტროლოთ ხმის ტემბრი და რიტმი.
როცა ბავშვი რომელიმე ბგერას ტოვებს საუბრის დროს, ამ ბგერის შემცველი სიტყვები გამოვიყენოთ თამაშისას. მაგალითად სიტყვები დ-ზე, ს-ზე. კარგი იქნება ლოტო შევადგინოთ ამ სიტყვებზე/ბგერებზე და ვითამაშოთ.
ვიმღეროთ იმ ბგერების გამოყენებით, რომელსაც ტოვებს ან ამახინჯებს ბავშვი.
მიკროფონი საკმაოდ კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვს ჰქონდეს სიტყვების გამეორების მოტივაცია.
არ გაქვთ მიკროფონი? აიღეთ ქაღალდი, გადახვიეთ, გააფორმეთ, გაალამაზეთ. ხმასაც გამოსცემს და საინტერესოც იქნება მისთვის.

წყარო-  ქ. მზია ფუტკარაძის და ქეთევან ვაშაკიძის წიგნი “ლოგოპედია” (2014)a