Search
Close this search box.

რეკომენდაციები ბავშვის ტუალეტის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის

რეკომენდაციები ბავშვის ტუალეტის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის

ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ბავშვს დროულად ასწავლოს
ტუალეტის უნარ-ჩვევები. ტუალეტის უნარ-ჩვევებში ვგულისხმობთ: მოშარდვის
და დეფეკაციის მოთხოვნილების გამოხატვას/აღქმას, ქოთანის ან ადაპტირებული
უნიტაზის მოხმარებას/ჯდომის უნარს, ტანსაცმლის გახდა-ჩაცმის უნარებს,
ხელების დაბანას, ქაღალდის გამოყენებას, ჩარეცხვას. როგორც ხედავთ, ტუალეტის
უნარ-ჩვევები მხოლოდ ტუალეტის მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესი
არაა, ის რამოდენიმე აქტივობისგან შედგება.

როგორც ყველა სხვა უნარი. ასევე ტუალეტის უნარ-ჩვევაც ეტაპობრივად
ვითარდება სხვა უნარებთან ერთად. მოდით, განვიხილოთ ასაკობრივად ტუალეტის
რომელი უნარ-ჩვევებია დამახასიათებელი.

  • 10 თვის ასაკში ბავშვი გამოხატავს დისკომფორტს ჩასვრილი ან
    ჩასველებული საფენების გამო.
  • 15 თვის ასაკში ბავშვი მშობლების დახმარებით ჯდება ქოთანზე რამოდენიმე
    წუთით.
  • 22 თვის ასაკში ბავშვო გამოხატავს ტუალეტის მოთხოვნილებას სიტყვებით
    ან ჟესტებით. ასევე შესაძლოა გამოიყენოს მიმიკები, ტუალეტის ოთახისკენ
    გახედვა და ა.შ
  • 24 თვის ასაკში ბავშვი ახერხებს ტუალეტის მოთხოვნილებაზე კონტროლს,
    თუმცა საჭიროებს შეხსენებას დღის მანძილზე ტუალეტში შესვლის შესახებ.
  • 30 თვის ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია თავად დაჯდეს ქოთანზე და
    დაიხმაროს ოჯახის წევრები გასუფთავებასთან და ჰიგიენურ ბიჯებთან
    დაკავშირებით.
  • 34-36 თვის ასაკში ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად ტუალეტში შესვლა.
    საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან ოჯახის წევრები/მოზრდილი
    ადამიანები.

მარტივად რომ შევაჯამოთ ტუალეტის უნარ-ჩვევის გამომუშავების პროცესი, იგი
შემდეგი ეტაპებისგან შედგება:
1. ტუალეტის მოთხოვნილების გამოხატვა
2. ტუალეტის მოთხოვნილების კონტროლი
3. დამოუკიდებლად ტუალეტში შესვლის სწავლის პროცესი
4. დამოუკიდებლად შესვლა ტუალეტში

მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ სანამ ბავშვის კვების, სითხის მიღების,
მოშარდვის და დეფეკაციის პროცესი არ გახდება რუტინული, ყოველდღიურად
მოწესრიგებული, საჭიროა ჯერ ამ საკითხების მოგვარება, შემდეგ კი ტუალეტის
უნარ-ჩვევაზე მუშაობა. თუ ბავშვი ავლენს მოშარდვასთან ან დეფეკაციასთან
დაკავშირებულ სამედიცინო ჩივილებს, როგორიცაა ყაბზობა, დიარეა, მოშარდვა
ხშირად და მცირე რაოდენობით და ა.შ სასურველია გაიაროთ კონსულტაცია
პედიატრთან.

პირველი ეტაპი არის ტუალეტის მოთხოვნილების გამოხატვა- ბავშვს უნდა
აწუხებდეს ჩასვრილი და ჩასველებული საფენი. შეიძლება იკიდებდეს საფენზე
ხელს, იხდიდეს ამ დროს ტანსაცმელს, ცდილობდეს პამპერსის გახდას. მაგრამ თუ
ბავშვი არ გამოხატავს ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს, სასურველია იმუშაოთ შემდეგი
რეკომენდაციებით:

1. მოშარდვას და დეფეკაციას დაარქვით სახელები და ყოველჯერზე ამ
სახელებით მოიხსენიეთ ეს ორი პროცესი. მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს
ფისი, კუკი და ა.შ
2. გაახმოვანეთ პამპერსის გამოცვლის პროცესი– აჩვენეთ ბავშვს და ხელი
მოაკიდებინეთ სველ საფენებზე (მალევე გაუწმინდეთ სველი ხელსახოცით,
მოგვიანებით კი კარგად დაბანეთ), გაახმოვანეთ თუ როგორი სველია საფენი,
მაგალითად „უი საფენზე ფისია, ნახე როგორი სველია, მოდი მშრალი საფენი

ავიღოთ..“ მშრალ საფენზეც მოაკიდებინეთ ხელი ბავშვს და გაუხმოვანეთ
„ნახე ეს საფენი მშრალია, რა კარგია..“
იგივე გააკეთეთ დეფეკაციის შემდგომ, გაახმოვანეთ გამოცვლის პროცესი,
მაგალითად „ფუუ, როგორი ცუდი სუნი აქვს, ნახე შენს საფენში კუკებია..“
სთხოვეთ ბავშვს მშრალი და სუფთა პამპერსი მოგიტანოთ. დასვრილი
პამპერსი კი ერთად ჩააგდეთ ნაგვის ურნაში.

დაიმახსოვრეთ, არ უსაყვედუროთ ბავშვს, არ მისცეთ შენიშვნები თუ
ჩაისვარა ან ჩაისველა. პოზიტიური კომუნიკაციით აღუწერეთ ორივე პროცესი.

3. ეთამაშეთ საყვარელი თოჯინებით და სათამაშოებით– მაგალითად ვითომ
ბაჭიას მოშარდვა (მოშარდვა ბავშვის ენით მოიხსენიეთ) მოუნდა, ვითომ
ადამიანი ობობას დეფეკაცია (დეფეკაციაც ბავშვის ენით მოიხსენიეთ)
მოუნდა და დასვით ისინი სათამაშო ქოთანზე, დაიხმარეთ შარდის
იმიტირებისთვის წყალი, კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებით კი ყავისფერი
პლასტელინი. გამოიყენეთ ქაღალდი, გაასუფთავეთ თოჯინები ქოთანზე
ჯდომის შემდეგ, დააბანინეთ ხელები და ა.შ

4. გაუმახვილეთ ყურადღება დღის მანძილზე მოშარდვასა და დეფეკაციაზე
აჩვენეთ როგორ მოისაქმა ქუჩაში ძაღლმა, როგორ დაჯდა პატარა ბიჭი
ქოთანზე, როგორ შევიდა მამიკო საპირფარეშოში, აჩვეენთ ბარათები, სადაც
ილუსტრირებულია ტუალეტის უნარები.

მეორე ეტაპი არის ქოთანთან დამეგობრება- შეიძლება ბავშვმა ქოთანს ამჯობინოს
ადაპტირებული უნიტაზი. მოსინჯეთ ქოთანიც და ადაპტირებული უნიტაზიც და
დააკვირდეთ, რომელი ურჩევნია ბავშვს.

რაც შეეხება ქოთანს, მიეცით ბავშვს ქოთანზე დაჯდომის საშუალება დღის
მანძილზე. მაგალითად ჯერ თქვენ დაჯექით, მერე მას შესთავაზეთ. ქოთანზე
დაჯდომის დროს მიეცით სხვადასხვა სათამაშო, საყვარელი წიგნები, იმისათვის
რომ ნელნელა შეეჩვიოს ქოთანზე დაჯდომას 3-5 წუთამდე.

მესამე ეტაპი არის ტუალეტის მოთხოვნილების ცხრილი შედგენა- გამოყავით
ისეთი დრო წლის მანძილზე, როცა ბავშვი 1 თვის მანძილზე მაინც არის სახლში და
შედარებით თბილი ამინდებია. ზაფხულის არდადეგები იდეალური დროა
ამისათვის.
მოდით დავიწყოთ, ზაფხულის არდადეგების დროს, როცა ბავშვი იმყოფება
ძირითადად სახლში მოხსენით პამპერსი და დააკვირდით 10-14 დღის მანძილზე
დაახლოებით რომელ საათზე უნდება ბავშვს მოშარდვა ან დეფეკაცია. აიღეთ
ფურცელი და კალამი, ჩაიწერეთ თქვენი დაკვირვებები და საათები.

ცხრილის შედგენის შემდგომ კი, დაასწარით ბავშვს და დასვით ქოთანზე
მოშარდვამდე/დეფეკაციამდე 3-5 წუთით ადრე. მაგალითად, თუ ჩაიწერეთ, რომ
ბავშვს დეფეკაცია უნდება დღის 12 საათზე, დასვით ბავშვი ქოთანზე რამოდენიმე
წუთით ადრე და მიეცით სხვადასხვა განმამტკიცებლები, ეს შეიძლება იყოს
სათამაშოები, წიგნები, ფანქრები და ა.შ

მნიშვნელოვანი დეტალები:

1. ტუალეტის უნარებზე მუშაობის დროს გყავდეთ ბავშვი ადვილად
ჩასაწევ/ასაწევ საცვალში და შარვალში.
2. იყავით თანმიმდევრულები, არ დააღვიოთ მოცემული სტრატეგია
რამოდენიმე დღეში. თუ სტრატეგიას ბევრჯერ შეცვლით ნაკლებად
ეფექტური იქნება შედეგისათვის.
3. მოუწესრიგეთ ბავშვს კვების და სითხის მიღების რუტინა.
4. თუ ღამით ჩააცვამთ ბავშვს საფენს, სასურველია ეს მისი ძილის დროს
გააკეთოთ და დილითაც გაღვიძებამდე მოხსნათ.

დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური დრო
იმისათვის, რომ გამოუმუშავდეს დამოუკიდებლად ტუალეტის გამოყენების უნარები. იყავით მომთმენები და ოჯახის ყველა წევრმა გამოიყენეთ მოცემული
სტრატეგია.

სტატია მოამზადა ადრეული განვითარების სპეციალისტმა და განათლების
ფსიქოლოგმა სოფიო მელაძემ.