კვების დარღვევები ბავშვებში
კვების დარღვევები ბავშვებში
კვება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რუტინული და სოციალური აქტივობაა. კვების საშუალებით ვიღებთ ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს და ენერგიას, კვება გვანიჭებს სასიამოვნო შეგრძნებებსაც და ასევე გვაძლევს საშუალებას დავამყაროთ კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან.

რა არის კვებითი დარღვევა? კვებითი დარღვევა გულისხმობს მდგომარეობას, როცა ბავშვი ვერ იღებს სათანადო რაოდენობის საკვებს ან თავს არიდებს გარკვეულ საკვებს. კვებითი დარღვევა დაკავშირებულია სამედიცინო ჩივილებთან, ფსიქოსოციალურ ფაქტორებთან, აღზრდის სტილთან, გარემო ფაქტორებთან, რესურსებთან და ა.შ
როდესაც კვებით დარღვევებზე ვსაუბრობთ, ხშირად შეხვდებით ტერმინებს: პრეტენზიული მჭამელი და რეზისტენტული მჭამელი. პრეტენზიული მჭამელია ბავშვი, რომელიც სხვადასხვა საკვების ჯგუფებიდან მცირე რაოდენობის საკვებს იღებს, ხოლო რეზისტენტულია მჭამელი, როდესაც იგი თვითონ საკვების მცირე ჯგუფს იღებს. საკვების ჯგუფში ვგულისხმობთ: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ
დღეს მინდა ვისაუბროთ ადრეულ ასაკში კვებითი დარღვევების სხვადასხვამდგომარეობის და გამომწვევი მიზეზის შესახებ.

1. სამედიცინო ფაქტორები – ამ კატეგორიაში შედის ისეთი კვებითი დარღვევები,
რომელიც გამოწვეულია საკვები ალერგიით, ზოგიერთი საკვების
აუტანლობით, როგორიცაა გლუტენის აუტანლობა, ლაქტოზის აუტანლობა
და ა.შ ძირითადად სამედიცინო ფაქტორებით გამოწვეული კვებითი
დარღვევები ხასიათდება სამედიცინო ჩივილებით, როგორიცაა გამონაყარი,
მუცლის შებერილობა, დიარეა, მუცლის ტკივილი და ა.შ მნიშვნელოვანია ამ
დროს მოხდეს დროული გადამისამართება პედიატრთან და მასთან
კონსულტაციის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტებთან
გადამისამართება.

2. ორალ-მოტორული განვითარების შეფერხება – ამ მდგომარეობის დროს ბავშვს
უჭირს მყარი ან ნახევრად მყარი საკვების ღეჭვა, კბეჩა, ყლაპვა და ა.შ
შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს სალივაცია (ნერწყვის ჭარბად გამოყოფა),
მეტყველების შეფერხება. ამ დროს მნიშვნელოვანია კომუნიკაციის, ენის და
მეტყველების სპეციალისტის მიერ ბავშვის შეფასება და საჭირო აქტივობების
დაგეგმვა. საჭიროების შემთხვევაში მეტყველების სპეციალისტმა შესაძლოა
ოჯახი გადაამისამართოს ოტოლარინგოლოგთან.
3. სენსორული ინტეგრაციის სირთულე – ამ მდგომარეობის დროს ბავშვი აქვს
საკვების ვიზუალური, საკვების ტექსტურის, სუნის, ფორმის მიუღებლობა.
მაგალითად, ბავშვი შესაძლოა იღებდეს მრგვლად გამომცხვარ ხაჭაპურს,
მაგრამ უარს ამბობდეს ფენოვან ან სამკუთხედის ფორმის ხაჭაპურის
ნაჭრებზე. შესაძლოა ანსხვავდეს სველი ზედაპირის და მშრალი ზედაპირის
მქონე საკვებს, ვერ კიდებდეს ხელს, უჭირდეს მისი შეხება პირის ღრუში. ამ
დროს მნიშვნელოვანია მოხდეს ოჯახის გადამისამართება ოკუპაციურ
თერაპევტთან, რომელიც მოახდენს ბავშვის სენსორულ შეფასებას და
დაგეგმვას მშობლებთან ერთად მუშაობის გეგმას.

4. აღზრდის სტილი/ჰიპერმზრუნველობა– ხშირად მშობლები არ აძლევენ ბავშვს
საშუალებას, რომ დაიწყოს დამოუკიდებლად კვება. უჭირთ დაელოდონ
ბავშვს მიირთვას საკუთარი ხელით, ცდილობენ ბავშვს პარალელური
აქტივობების დროსაც აჭამონ, რაც საბოლოოდ განაპირობებს ბავშვის მხრიდან
ინტერესის დაკარგვას დამოუკიდებლად თვითმომსახურების საკითხში.
ასევე ხშირია ბავშვის გაკიცხვა კვების უნარების კუთხითაც, თუ მაგალითად
შემთხვევით ბავშვს ძირს დაუვარდა საკვები, ან დაისვარა ტანსაცმელი.
მომავალში ბავშვებს უჩნდებათ შფოთვა, რომ თუ დამოუკიდებლად კვებას
შეეცდებიან აუცილებლად მარცხს განიცდიან. საჭიროა ადრეული
განვითარების სპეციალისტის ჩართულობა, რომელიც ოჯახის წევრებს
გააძლიერებს პოზიტიური კომუნიკაციის კუთხით კვების პროცესში და
ოჯახთან ერთად მხარს დაუჭერს ბავშვის დამოუკიდებლად კვებას.

5. ემოციებთან გამკლავების სირთულეები– კვებითი აშლილობა არის ისეთი
მენტალური მდგომარეობა, როცა ადამიანი საკვებს იყენებს ემოციებთან ან
გარკვეულ სიტუაციებთან გასამკლავებლად. კვებით აშლილობაში
ვგულისხმობთ: ანორექსიას, ბულიმიას, გაუაზრებლად კვებას.
მნიშვნელოვანია მოხდეს ოჯახის გადამისამართება ფსიქოთერაპევტთან,
რომელიც დაეხმარება ბავშვს ემოციების მართვაში და მისცემს ბიძგს
სიტუაციების განსხვავებულად აღქმის კუთხით.
6. არაჯანსაღი კვებითი ქცევა– ამ მდგომარეობის დროს შესაძლოა ბავშვს კვების
დროს სჭირდებოდეს გაჯეტები, როგორიცაა ტელევიზორი, ტელეფონი,
კომპიუტერი. ასევე არაჯანსაღ კვებით ჩვევებში ვგულისხმობთ კვების დროს
სიარულს, კვებას იატაკიდან, კვებას საპირფარეშოში და ა.შ ამ დროს საჭიროა ოჯახის გადამისამართება ქცევის ანალიტიკოსთან, რომელიც შეაფასებს
ბავშვის ქცევას და რთული ქცევის მიზეზს. მოგვიანებით კი მოხდება ბავშვის
გადამისამართება ქცევით თერაპევტთან და თერაპიების დაგეგმვა.

7. „ნეოფობია“ ახალი საკვების გასინჯვის შიში– ნეოფობია ბავშვის განვითარების
პროცესში ჩვეულებრივი ეტაპია, რომელიც დაახლოებით 2-3 წლამდე
გრძელდება. როდესაც ბავშვი ეტაპობრივად გადადის სხვადასხვა სახეობის
საკვებ ჯგუფებზე, ჩნდება ახალი საკვების გასინჯვის შიში. თუ ეს პროცესი 3
წლის შემდეგაც გრძელდება მნიშვნელოვანია სპეციალისტების ჩართვა.
საჭიროა ოჯახის გადამისამართება ადრეული განვითარების სპეციალისტთან,
კვების ფსიქოლოგთან ან ოკუპაციურ თერაპევტთან, რომლებიც „საკვებით
თამაშის“ გზით გაზრდიან ახალი საკვებისადმი მიმღებლობას და
გადალახავენ კვებასთან დაკავშირებულ შიშებს.
როგორც ხედავთ, კვებითი დარღვევები და მათი გამომწვევი მიზეზები
მრავალფეროვანია. მნიშვნელოვანია ოჯახის დროული გადამისამართება
შესაბამის სპეციალისტებთან და ბავშვთან სწორი მუშაობის დაგეგმვა.
სტატია მოამზადა ადრეული განვითარების სპეციალისტმა და განათლების
ფსიქოლოგმა სოფიო მელაძემ.