Search
Close this search box.

როგორ ჩავერთოთ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში?!

როგორ ჩავერთოთ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში?!

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა სახელმწიფო პროგრამაა, რომლის სამიზნე ჯგუფია 0-7 წლამდე სხვადასხვა განვითარების დარღვევების ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვები, რომლებსაც ესაჭიროებათ ადრეული ინტერვენცია და რეაბილიტაცია.

ყველაფერი უმეტესად იწყება მაშინ, როცა ბავშვი ასაკის შესაბამისს უნარებს არ ფლობს და მშობელს ბავშვის განვითარების შესახებ უჩნდება კითხვები/ეჭვები. როცა ვსაუბრობთ ასაკის შესაბამისს უნარებზე ეს შესაძლოა გამოიხატოს გადაადგილების, კვების, ტუალეტის უნარ-ჩვევების, მეტყველების ან სოციალური უნარების განვითარების დაგვიანებით.

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფისთვის საჭირო კრიტერიუმები განიხილება ICD-10-ის მიხედვით, სადაც თავმოყრილია დიაგნოზების კოდები.

ადრეული განვითარების პროგრამა გულისხმობს ოჯახისთვის სერვისის მიწოდებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში, რომელიც გულისხმობს სახლს, ბაღს ან ნებისმიერ სხვა გარემოს, სადაც ბავშვი ატარებს დროს. ადრეულის პროგრამა გულისხმობს სპეციალისტის მიერ განხორციელებულ თვეში 8 საათს, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ადრეული განვითარების პროგრამა თავის თავში ითავსებს ქოუჩინგის ელემენტებს, რომელიც გულისხმობს მშობლისთვის არა მხოლოდ მზა პასუხების მიწოდებას, არამედ საჭიროებების ერთად გამოვლენას, მუშაობას ერთობლივად დაგეგმვას და განხორციელებას. მუშაობაში კი იგულისხმება თამაში, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვის სწავლების აღიარებული ფორმატია.

პროგრამაში ჩართვისას სპეციალისტი მშობელთან ერთად ახორციელებს ბავშვის საჭიროებების შეფასებას და გამოვლენას, რის საფუძველზეც იწერება ინდივიდუალური მომსახურების გეგმა.

რატომ უნდა ჩაერთოს ოჯახი ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში?

  • ადრეული ინტერვენცია ყოველთვის გულისხმობს დროულ ჩარევას, რაც მომავალში იღებს ნაყოფიერ შედეგებს.
  • სახელმწიფო პროგრამა კიდევ ერთი ბავშვისთვის შექმნილი მნიშვნელოვანი უფლება და სერვისია.
  • ადრეულის პროგრამა აძლიერებს ოჯახებს და აწვდის მათ ინფორმაციას ბავშვის მდგომარეობის, სხვა სერვისების თუ სხვადასხვა საჭიროებების შესახებ, რაც ბავშვს უკავშირდება.
  • ადრეულის პროგრამის შედეგად ოჯახი მხოლოდ სპეციალისტზე არ არის დამოკიდებული და იმ მცირე რაოდენობის თერაპიებზე, რასაც ბავშვი იღებს თვის მანძილზე, არამედ მშობელი ხდება მეტად ჩართული და თანამონაწილე ბავშვის განვითარების პროცესის.

შესაბამისს სპეციალისტთან (როგორიცაა: ფსიქიატრი, ნევროლოგი, პედიატრი) ვიზიტის შემდეგ, როცა მშობელს აქვს ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა ფორმა-100 შეუძლია მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც მას ასევე დასჭირდება ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა. სააგენტოში მშობელი დაწერს განცხადებას ქვეპროგრამაში ჩასართავად. აი, შემდგომ უკვე იწყება მოლოდინის რეჟიმი.

მოლოდინი გრძელდება 1 თვიდან რამოდენიმე თვის ჩათვლით. როცა ბავშვი პროგრამაში ჩაერთვება მშობელს ტექსტური შეტყობინების სახით მისდის სპეციალური კოდი.

 

მეორე ეტაპი როცა დაფინანსება უკვე მოპოვებულია არის  ვაუჩერის მატერიალურად წამოღება სააგენტოდან და შესაბამისი პროვაიდერი ორგანიზაციის მოძიება, რომელიც მომსახურებას გაუწევს ბავშვს.

იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიძიოს მშობელმა პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების ბაზა, ვურჩევდი ესტუმროს ასეთ ვებსაიტს ADREULI.GE რომელიც კოალიციამ ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის შექმნა. საიტზე თავმოყრილია ყველა ის ორგანიზაცია რეგიონების მიხედვით, რომელიც მომსახურებას გაუწევს ბავშვს.

ჩვენი ორგანიზაციაც „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“  ამ სიის ერთერთი წარმომადგენელია, რომელიც ადრეული განვითარებას პროგრამას ახორციელებს 2015 წლიდან მარნეულში, ხოლო თბილისში 2017 წლიდან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება კომფორტული და საჭირო სერვისი შევთავაზოთ ოჯახებს და გავაძლიეროთ ისინი. გუნდის თითოეული წევრის მუდმივი თვითგანვითარებით და ჩართულობით ჩვენი ორგანიზაცია დღემდე წარმატებით უზრუნველყოფს თბილისსა და მარნეულში პროგრამის მიწოდებას.

 

სტატია მომზადებულია სოფო მელაძის მიერ