სტრესის მოხსნის ვარჯიშები – სასარგებლო რჩევები

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყოველდღიურად თავს იყრის სხვადასხვა
სახის სტრესი, რომელიც რა საკვირველია ინდივიდუალურ გავლენას ახდენს
ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ბავშვები უფრო მეტად შეიგრძნობენ
ჩვენთვის შესაძლო უმნიშვნელო მოვლენებს, შეიძლება ეს იყოს, სკოლის დახურვა,
ჩვეული რუტინის ცვლილება, მეგობრების და ოჯახის წევრების ავადმყოფობა… ამ
და სხვა ფაქტორებმა ბავშვებში ძლიერი შფოთვა და სტრესი შეიძლება გამოიწვიო.
სტრესის, ბუნებრივი კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან როგორც
ემოციურად, ასევე – ფიზიკურად. ზოგადად, საგანგებო მდგომარეობა ბავშვებზე
უფრო მეტად ახდენს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ვიდრე მოზრდილებზე და
სტრესის/ტრავმის გამოხატვაც განსაკუთრებულად რთულია მათთვის.
ჩემი მიზანია გაგიზიაროთ სავარჯიშოები თამაშების სახით, რომლებიც
წარმოადგენს სტრესულ სიტუაციებში მყოფ ბავშვებთან მუშაობის გლობალური
პროგრამის – „განკურნება და განათლება ხელოვნების საშუალებით“ (HEART)-ის
ნაწილს. ისინი ძალიან ეფექტურია, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, ასევე
მათი ტიპური განვითარების თანატოლებისთვის და მშობლებისთვის.
შეეცადეთ შეუთანხმოთ ბავშვებს დრო და ერთად გაერთეთ ზარმაცი კატის,
საყვარელი კუს, თუ მჟავე ლიმონის თავგადასავალით და შეასრულეთ სტრესის
მოხსნაზე/შემსუბუქებაზე მიმართული ქვემოთ შეთავაზებული თამაში
სავარჯიშოები.
- მოძებნეთ მშვიდი ადგილი, სადაც ყურადღება ნაკლებად გაგეფანტებათ.
- თუ ამ სავარჯიშოებს ბავშვთან ან ბავშვების ჯგუფთან ერთად აკეთებთ,
დარწმუნდით, რომ თქვენი ინსტრუქციები მკაფიოდ ჩამოყალიბებული და
საინტერესოა. - ყველა სავარჯიშოს გაკეთება აუცილებელი არ არის! დააკვირდით, რამდენი ხნის მანძილზე ინტერესდებიან ბავშვები აქტივობებით და სხვა დროს სცადეთ გაგრძელება.

1. ყვავილი და სანთელი
ეს თამაში არის მარტივი სავარჯიშო, რომელიც ხელს უწყობს ღრმა სუნთქვას და
გვეხმარება სტრესის შემსუბუქებაში.
წარმოვიდგინოთ, რომ ერთ ხელში სურნელოვანი ყვავილი გიჭირავთ მეორეში –
სანთელი.
დასუნეთ ყვავილი – ცხვირით ნელა შეისუნთქეთ სურნელი;
პირიდან ჰაერის ამოსუნთქვით (სულის შებერვით) ჩააქრეთ სანთელი;
ეს მოქმედება რამდენჯერმე რიგრიგობით გაიმეორეთ.

2. ლიმონი
ეს სავარჯიშო ხსნის კუნთების დაჭიმულობას და დაძაბულობას.
წარმოიდგინეთ, რომ ხელში გაქვთ ლიმონი.
ეცადეთ, მიწვდეთ ხეს, რათა ორივე ხელით დაკრიფოთ ლიმონი;
ხელი მოუჭირეთ ლიმონებს ისე მაგრად, რომ გამოადინოთ მთელი წვენი –
მოუჭირეთ, მოუჭირეთ, მოუჭირეთ..
დაყარეთ ლიმონები იატაკზე და გაითავისუფლეთ ხელები;
შემდეგ ისევ გაიმეორეთ ყველა ნაბიჯი, სანამ ჭიქა ლიმონათისთვის
საკმარის ლიმონის წვენს დააგროვებთ;
ბოლო ლიმონის დაჭყლეტის შემდეგ, გადააგდეთ ის, და „დაფერთხეთ“
ხელები რომ მოადუნოთ.

3. ბუმბული/ძეგლი
ეს სავარჯიშო ხსნის კუნთების დაჭიმულობას.
წარმოიდგინეთ, რომ ჰაერში მოფარფატე ბუმბული ხართ
10 წამის განმავლობაში იფარფატეთ ჰაერში, როგორც ბუმბულმა;
უცებ გაიყინეთ ადგილზე და გადაიქეცით ძეგლად – არ გაინძრეთ! შემდეგ
ნელ-ნელა მოდუნდით და ისევ გადაიქეცით მოფარფატე ბუმბულად;
გაიმეორეთ კიდევ, მაგრამ აუცილებლად დაასრულეთ სავარჯიშო როგორც
მოფარფატე ბუმბულმა, მოდუნებულ მდგომარეობაში.

4. ზარმაცი კატა
ეს სავარჯიშო ხსნის კუნთების დაჭიმულობას.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ზარმაცი კატა;
საყვარლად თვლემდით დიდხანს და ახლახანს გაიღვიძეთ.
კარგად დაამთქნარეთ;
დაიკნავლეთ – „მიაუ“;
ახლა კატასავით ნელა გაჭიმეთ „წინა“ და „უკანა თათები“ და მოდუნდით.

5. კუ
ეს სავარჯიშო ხსნის კუნთების დაჭიმულობას.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ნელ-ნელა, კუს ნაბიჯებით მიმავალი კუ.
ოჰ, არა, წვიმას იწყებს.
მოიკუნტეთ და შეიყუჟეთ თქვენს ბაკანში ათი წამის განმავლობაში.
ისევ მზე გამოვიდა, ასე რომ გამოდით ბაკნიდან და გააგრძელეთ ნელა,
მოდუნებული სიარული.
გაიმეორეთ რამდენჯერმე, დარწმუნდით, რომ სიარულისას ყოველთვის
მოდუნებული ხართ და კუსავით მშვიდად დადიხართ
პატარების შემთხვევაში, თითოეული თამაში, არა მხოლოდ სტრესის
შემსუბუქებისთვის არის კარგი გზა, არამედ წარმოსახვითი უნარების უკეთ
გავარჯიშებაშიც.
სტატია მომზადებულია თეკლე კიპაროიძის მიერ.