თამაშის მნიშვნელობა ბავშვთა ადრეული განვითარების პროცესში

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა, თანამედროვე გაგებით, ბავშვს ჰოლისტურად ხედავს, რაც გულისხმობს განვითარების მთლიანობით ბუნებას.
ჰოლისტური მიდგომა ფილოსოფიური ღირებულებაა, რომლის თანახმად,განვითარების ყველა სფერო(მოტორული,კოგნიტური,სოციალურ-ემოციური,მეტყველება-კომუნიკაცია)თანაბრად მნიშვნელოვანია და ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან. შესაბამისად,ადრეულ ასაკში,თითოეული სფეროს განვითარების სტიმულირებას თანაბარი ყურადღება უნდა ეთმობოდეს. ამ პროცესში კი თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს-ბავშვი ცოდნას ქმედებისა და კვლევის გზით აგროვებს; თამაში აძლევს მას სამყაროს კვლევის და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ,თამაშის მეშვეობით სწავლობს ბავშვი სამყაროს გაგებას და მის შემეცნებას.
ბავშვი ინტერაქციას თამაშით იწყებს. ადრეული ინტერაქცია გადამწყვეტ გავლენას ახდენს თავის ტვინის ნეირონების განვითარებასა და ჯანსაღ ზრდაზე; უაღრესად მნიშვნელოვანია,ადრეული ასაკიდან შევუქმნათ ბავშვებს მასტიმულირებელი და მხარდამჭერი გარემო,რადგან ადრეულ ასაკში ბავშვების თავდაპირველი საჭიროება სწორედ ემოციური კავშირების დამყარებაა. უსაფრთხო და ემოციურად პოზიტიური კავშირების დამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითრებისთვის. თამაშის დროს(და არა მხოლოდ)ბავშვის ემოციური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია,თამაშის დროს სწავლობს ბავშვი სხვა ადამიანებთან ურთიერთობას და ივითარებს ფანტაზიას. ჩვენ(უფროსები) უნდა შევეცადოთ,რომ არ ვიყოთ სარკასტულები ბავშვების მიმართ,არ უგულებელვყოთ მათი ფანტაზიები და ყოველთვის სერიოზულად და პატივისცემით ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს.
შესაძლოა,რაიმე სირთულის გამო ბავშის უნარების განვითარების დონე არ შეესაბამებოდეს მის ქრონოლოგიურ ასაკს.შესაბამისად,უნდა დავაკვირდეთ ბავშვი თამაშის რა ეტაპზეა და თამაშის რა ფორმებს იყენებს…ბავშვის განვითარების მხარდასაჭერად და მასთან თამაშის დროს მნიშვნელოვანია ორი რამ: პირვეელი- მოთმინება; და მეორე-თუ ბავშვს უჭირს გაუგოს თამაშს ან ავლენს გარკვეულ სენსორულ შიშს,რაც აფერხებს მის მონაწილეობას თამაშში,მაშინ შეცვალეთ თამაში ისე,რომ გაქრეს შიში და გაიზარდოს ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ესმოდეს თამაშის ყველა კომპონენტი,მაგრამ თუკი ეფექტურად ერთვება ერთ კომპონენტში მაინც,წაახალისეთ და განაგრძეთ თამაში, წაახალისეთ ბავშვის მიერ სხვა კომპონენტის შესრულება…ეს თავისთავად მისი ზოგადი განვითარების ხელშეწყობაც იქნება და ნელ-ნელა დავეხმარებით ბავშვს თამაშის ახალი ეტაპების დაუფლებაში.
ბავშვებისთვის,რომელთაც აქვთ ნევროლოგიური სირთულეები(აუტიზმი,ასპერგერის სინდრომი,სენსორული ინტეგრაციის დარღვევა…),თამაში მუშაობის ტოლფასია,რადგან მათ აღენიშნებათ სირთულეები ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველებისას,მოტორული დაგეგმვის დროს და სენსორული ინტეგრაციის პროცესში. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს ბავშვის მხრიდან არასტრუქტურირებული თამაშის ინიცირებაზე და ჩართულობაზე. გარდა ამისა,ნევროლოგიური სირთულის მქონე ბავშვებს სხვებზე დაკვირვებით სწვალა უჭირთ, ნაკლებ სენსო-მოტორულ და ვერბალურ გამოცდილებას იღებენ,რადგან საკმარისად არ ავლენენ თამაშისა და ინტერაქციის სურვილს; ხშირად არ აქვთ მოტივაცია დაამყარონ სოციალური ურთიერთობები სხვა ბავშვებთან და გამოიწვიონ ისინი სათამაშოდ,თუმცა თუკი ბავშვებს საგნებთან,თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობას ეფექტური გზით ვასწავლით,მათი სენსო-მოტორული შესაძლებლობები,მეტყველება და სოციალური უნარ-ჩვევები განვითარდება. ისინი გართობასაც შეძლებენ და სიამოვნებასაც მიიღებენ თამაშის პროცესში.
ზოგიერთმა ბავშვმა შესაძლოა ნეგატიური უკურეაქცია გამოხატოს მშობლებთან/სპეციალისტებთან ურთიერთობის დროს. მაგ.: გადაიზნიქოს,როცა ხელში აიყვანენ,თავი აარიდოს მზერას ,გამოავლინოს მოულოდნელი რეაქციები…ხშირად,ჩვენ,როდესაც ნევროლოგიური სირთულეების მქონე ბავშვთან თამაშს ვცდილობთ,მის ინტერესს ვაფასებთ ამ საპასუხო რეაქციის საფუძველზე, თუმცა,შესაძლოა, აუტიზმის და ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვს არ ჰქონდეს მასტიმულირებელ ფაქტორებზე ჩვეული და მოსალოდნელი რეაქცია. ამის საპასუხოდ,ჩვენ შესაძლებელია შევამციროთ ან შევცვალოთ ჩვენი ჩართულობის ხარისხი და მას ნაკლები გამღიზიანებელი შევთავაზოთ,ნაკლებად ჩავერიოთ მის ქმედებაში,თავი ავარიდოთ მის გადაჭარბებულ სტიმულირებას…შედეგად კი აღმოჩნდეს,რომ ჩვენ ვზღუდავთ მის შესაძლებლობას,დაამყაროს ურთიერთობები და ისწავლოს.
უნდა გვახსოვდეს,რომ როდესაც ვურთიერთობთ ნევროლოგიური სირთულის მქონე ბავშვებთან,ისინი კონტაქტში შემოდიან ჩვენთან და ამ ურთიერთკავშირით სულ მცირედს,მაგრამ რაღაცას მაინც იღებენ ჩვენგან.არ გვაქვს უფლება,მყისიერად,მათი უკურეაქციით შევაფასოთ მათი ინტერესის ხარისხი.
ამასთან,უნდა შევეცადოთ,რომ ბავშვს იმაზე ნაკლები არ მივცეთ,ვიდრე სჭირდება,რადგან ისინი უფრო მეტ სტიმულირებას და გამოცდილებას საჭიროებენ და არა მის შემცირებას. მათ ინფორმაციის მისაღებად სტიმულირების მაღალი დონე და მრავალფეროვანი გზები სჭირდებათ…
კვლევებმა აჩვენა,რომ დასწავლის და ნერვული სისტემის განვითარებისთვის ყველაზე ეფექტური გზა თამაშია. თამაში შეუცვლელია მეტყველების,სოციალური და კოგნიტური უნარების გასაუმჯობესებლად.
P.S. მაბედნიერებს ბავშვებთან ურთიერთობა და ის ფაქტი,რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი მცირე წვლილი შევიტანო მათი სწორად განვითარების პროცესში…
ვისურვებდი,რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა იზრდებოდეს სიყვარულით აღსავსე,მშვიდ,უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში. გარემოში,სადაც მისი პიროვნული ღირსებისა და თვითრწმენის განვითარებას პატივისცემით ეპყრობიან…სადაც მის გვერდით არიან ისეთი ადამიანები,ვისაც ბავშვი ენდობა,ვინც მათ საჭიროებებსა და ემოციებს ადეკვატურად პასუხობს.
მარიამ მარგალიტაშვილი