ალცჰეიმერის მსოფლიო დღე

მთელს მსოფლიოში, 1994 წლიდან, ალცჰაიმერის დაავადების კვლევისა და შემსწავლელი ორგანიზაციების ინიციატივით, ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე (WorldAlzheimer’sDay) აღინიშნება.
ალცჰაიმერის დაავადება (ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია) ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც 1906 წელს, პირველად, აღწერა გერმანელმა ფსიქიატრმა ალოის ალცჰაიმერმა.
ძირითადი პრინციპები
- ცვალებადი ექსპრესიულობა
- გენეტიკური ჰეტეროგენურობა
- გენის დოზირება
- ფუნქციის ტოქსიკური გაძლიერება
- რისკის მოდიფიკატორი
ძირითადი ფონოტიპური ნიშნები
- დაავადების დაწყების ასაკი
- დემენცია
- ნეიროფიბრილური წნულები
- ამილოიდური ანგიოპათია
1994 წლიდან, ალცჰაიმერის დაავადების კვლევისა და შემსწავლელი ორგანიზაციების ინიციატივით, ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე (WorldAlzheimer’sDay) აღინიშნება. გერმანელმა ექიმმა, ალოის ალცჰაიმერმა პირველად 1906 წელს აღწერა “უნიკალური დაავადება” – მეხსიერების ღრმა დაქვეითება და ტვინის მიკროსკოპული ცვლილებები – დაავადება, რომელსაც ახლა ალცჰაიმერის სახელით ვიცნობთ.
ალცჰაიმერი ( ნეიროდეგენერაციული დაავადება) არის დემენციის ერთ-ერთი სახე, რომელიც გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, აზროვნებასა და ქცევაზე. სიმპტომები დროთა განმავლობაში მატულობს , საბოლოოდ, იმდენად ძლიერდება, რომ ძნელდება ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო აქტივობების განხორციელება. მათ შორის, აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, ადგილმდებარეობის განსაზღვრა; დამოუკიდებლად საკუთარ თავის მოწესრიგება: გახდა-ჩაცმა და სხვ. Alzheimer’s Association: What is Alzheimer’s Disease? ; 2022)
ალცჰაიმერისა და დემენციის განსაზღვრა
70 წელს გადაცილებულ ინდივიდთა თითქმის 10%-ს აღენიშნება დემენცია, ხოლო მათგან დაახლოებით ნახევარს ალცჰაიმერის დაავადება აქვს. ეს არის პანეთნიკური, გენეტიკურად ჰეტეროგენური დაავადება, 5%-ზე ნაკლებს აქვს დაავადების ადრეული გამოვლინების ოჯახური ფორმა; პაციენტების 15-25%-ში დაავადება გვიან ვლინდება და 75%-ში _ სპორადულია. ალცჰაიმერის დაავადების ოჯახური ფორმის დაახლოებით 10%-ს ახასიათებს აუტოსომურ-დომინანტური მემკვიდრეობა, დანარჩენს _ მულტიფაქტორული. (Thompson & Thompson Genetics in Medicine, 8th Edition/ Case 4. Alzheimer Disease (Cerebral Neuronal Dysfunction and Death, MIM 104300)
დემენცია სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. დემენცია პროგრესირებადი ან ქრონიკული სინდრომია, რომლის დროსაც უფრო მეტი ხარისხით ხდება აზროვნების უნარის (ანუ კოგნიტიური ფუნქცია) დეგრადაცია და დაქვეითება, ვიდრე ეს ჩვეულებირივ დაბერების პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას ახასიათებს. დემენციის დროს ხდება მეხსიერების, აზროვნების, აღქმის, მეტყველების, ორიენტაციის უნარის, გაგების, მსჯელობისა და გააზრების უნარის დაქვეითება.. ალცჰაიმერი კი არის დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმა, ზოგადი ტერმინი მეხსიერებისა და სხვა შემეცნებითი შესაძლებლობების დაკარგვისა, რაც ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაბამის ფუნქციონირებას. ალცჰაიმერის დაავადება ვითარდება ადამიანებში მიუხედავად მათი განათლებისა და ცხოვრების დონისა. ცნობილი ადამიანებიდან იგი აღენიშნებოდა რომის პაპს, იოანე პავლე II-ს, აშშ-ს მე-40 პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს, ჰაროლდ ვილსონსა და მარგარეტ ტეტჩერს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, ადოლფო სუარესს, მწერლებს: აირის მერდოკსა და ტერი პრათჩეტს, მსახიობებს: შონ კონერის, პიტერ ფალკს, ანი ჟირარდოს და მრავალ სხვას.

ალცჰაიმერის სიმპტომები
ალცჰაიმერის ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომია ახლად შესწავლილი ინფორმაციის დამახსოვრების სირთულე.
ჩვენი ტვინი სხეულის ნაწილებთან ერთად ასაკთან ერთად იცვლება. უმეტესობა ჩვენგანი, საბოლოოდ, ამჩნევს შენელებულ აზროვნებას და პრობლემებს გარკვეული ნივთების დამახსოვრებასთან დაკავშირებით. თუმცა, მეხსიერების სერიოზული დაქვეითება, დაბნეულობა და ჩვენი გონების მუშაობის სხვა ძირითადი ცვლილებები შეიძლება, იყოს ტვინის უჯრედების უკმარისობის ნიშანი.
ალცჰაიმერისათვის (AD) დამახასიათებელი ცვლილებები, ჩვეულებრივ, იწყება ტვინის იმ ნაწილში, რომელიც გავლენას ახდენს რაღაცის სწავლას. ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირება იწვევს სულ უფრო მძიმე შედეგს, მათ შორის: დეზორიენტაციას, განწყობისა და ქცევის ცვლილებებს; მოვლენების, დროისა და ადგილის შესახებ დაბნეულობის გაღრმავებას; უსაფუძვლო ეჭვებს ოჯახის, მეგობრებისა და პროფესიონალი მომვლელების მიმართ; მეხსიერების დაკარგვას; საუბრისა და ყლაპვის გაძნელებას; გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
მეხსიერების დაქვეითების ან ალცჰაიმერის დაავადების სხვა შესაძლო ნიშნების მქონე ადამიანებს შეიძლება , გაუჭირდეთ იმის აღიარება, რომ მათ აქვთ პრობლემა. დემენციის ნიშნები შეიძლება, უფრო აშკარა იყოს ოჯახის წევრებისთვის ან მეგობრებისთვის. ყველამ, ვისაც აქვს დემენციის მსგავსი სიმპტომები, უნდა მიმართოს ექიმს, რაც შეიძლება მალე. ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი ინტერვენცია აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ამცირებს მოსალოდნელ რისკებს.
მეტი თვალსაჩინოებისათვის, ალცჰაიმერით დაავადებულთა სიმპტომები შემდეგნაირად გამოიყრება:
- ახლად მიღებული ინფორმაციის გახსენების სირთულე
- ჩვეული ყოველდღიური საქმიანობის შესრულების სირთულე
- ანგარიშის უნარის დარღვევა
- ჯანსაღი და ლოგიკური აზროვნების შეფერხება
- ინიციატივის დათრგუნვა
- მეხსიერების დეფიციტის განუხრელი გაღრმავება
- ნაცნობი საგნებისა და სახეების გამოცნობის უნარის დარღვევა
- ხასიათობრივი და ქცევითი ცვლილებები
- დროსა და გარემოში დეზორიენტაცია
- მეტყველების დარღვევა
- ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები, ილუზიები
- წონაში კლება
- ყლაპვის გაძნელება
- გულყრები
- მომატებული ძილიანობა
- შარდვისა და დეფეკაციის დარღვევა
მემკვიდრეობით გადაცემის რისკი
ხანდაზმულობა, ოჯახური ანამნეზი, მდედრობითი სქესი და დაუნის სინდრომი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია AD-ისთვის. ევროპის მოსახლეობაში AD-ის ემპირიული რისკი ნებისმიერ ასაკში 5%-ია. თუ პაციენტს ჰყავს პირველი რისკი ნათესავი, რომელსაც 65 წლის ასაკის შემდეგ გამოუვლინდა ეს დაავადება, მაშინ AD-ის მიმართ მათი რისკი 3-6-ჯერ იზრდება; თუ პაციენტს ჰყავს დაავადებული მშობელი და დაავადებული და-ძმა, რომელთაც AD 70 წლამდე ასაკში განუვითარდათ, მაშინ მათი რისკი 7-9-ჯერ იზრდება. APOE ტესტირება შეიძლება გამოიყენონ, როგორც დამხმარე დიაგონსტიკური საშუალება დემენციის ნიშნებისა და სიმპტომების შესაფასებლად, მაგრამ AD-ს წინასწარი ტესტირება არ უნდ აგამოიყენონ უსიმპტომო პაციენტებში. დაუნის სინდრომიან პაციენტებს AD-ს გაზრდილი რისკი აქვთ. 40 წლის ასაკის შემდეგ დაუნის სინდრომიან თითქმის ყველა პაციენტს გამოუვლინდება AD-ს ნევროლოგიური ნიშნები და დაახლოებით 50% კოგნიტური უნარის დაქვეითებას ამჟღავნებს (Thompson & Thompson Genetics in Medicine, 8th Edition/ Case 4. Alzheimer Disease (Cerebral Neuronal Dysfunction and Death, MIM 104300)
ალცჰაიმერის მკურნალობა
იმ პაციენტების გარდა, რომელთაც AD-ს ოჯახურ ფორმასთან ასოცირებული მუტაცია დაუდგინეს, ამ დაავადების საბოლოო დიაგნოზი დემენციის მქონე პაციენტებში მხოლოდ აუტოფსიის შემდეგ დაისმება; მაგრამ თუ სწორად გამოვიყენებთ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს, AD-ს სავარაუდო კლინიკური სადიაგნოსტიკო შემთხვევათა 80-90%-ში ნევროპათოლოგიური გამოკვლევებით დასტურდება. სავარაუდო კლინიკური დიაგნოზის სიზუსტე 97%-მდე იზრდება.
რადგან AD-ს მკურნალობის მეთოდები არ არსებობს, მთელი ძალისხმევა მიმართულია AD-სთან დაკავშირებული ქცევითი და ნევროლოგიური პრობლემების გაუმჯობესებისკენ. პაციენტთან დაახლოებით 10-20%-ში კოგნიტური ფუნქციის ნაკლები ხარისხით გამოხატული დაქვეითება აღინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მათ დაავადების ადრეულ ეტაპზევე ვუმკურნალებთ ქოლინერგული აქტივობის გამაძიერებელი საშუალებებით (Mayo Clinic / Jonathan Graff-Radford, M.D / Are there any proven Alzheimer’s prevention strategies? / 2022)
საჭიროა მეტი გამოკვლევა, სანამ ექსპერტებს ეცოდინებათ ალცჰეიმერის პრევენციის კონკრეტული გზები. ამავდროულად, გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ხელს უწყობს ტვინის კარგად ფუნქციონირებას:
- მოერიდეთ მოწევას;
- მედიკამენტური მკურნალობა;
- აკონტროლეთ სისხლძარღვთა რისკის ფაქტორები, მათ შორის მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი და დიაბეტი;
- მიირთვით დაბალანსებული საკვები: ბოსტნეული, ხილი; ცილებით მდიდარი პრდუქტი;
- იყავით ფიზიკურად და სოციალურად აქტიური;
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა;
- იზრუნეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე;
- გამოიყენეთ სააზროვნო (შემეცნებითი) უნარები, როგორიცაა მეხსიერების უნარი;
- მოერიდეთ თავის ტრავმა;
- შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება
სტატია მომზადებულია ჯული ჩიქვინიძის მიერ
წყაროები:
Alzheimer’s Association: What is Alzheimer’s Disease? ; 2022) https://www.alz.org/alzheimers-dementia/what-is-alzheimers
https://aversiclinic.ge/news/455/altshaimeri-rogor-amovitsnot-daavadeba-sawyis-stadiaze