როგორ იცვლება შშმ ბავშვების მდგომარეობა ჩვენს ორგანიზაციაში ჩატარებული თერაპიების შედეგად
ა(ა) იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” იმ წარმატებულ ქეისებზე გაწვდით ინფორმაციას, რაც ჩვენთვისაც და მშობლებისთვისაც ძალიან სასიხარულოა. ბუნებრივია, არ ვახდენთ ბავშვის იდენტიფიცირებას. გიზიარებთ მხოლოდ კონკრეტულ ქეისს.
ბენეფიციარი: დემეტრე
ასაკი: 5 წლის
5 წლის დემეტრე ა(ა) იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ პროგრამაში 2023 წლის 1 აპრილს ჩაერთო.
გამოწვევები პროგრამაში ჩართვამდე:
მას ჰქონდა როგორც თვითდამაზიანებული, ასევე სხვისკენ მიმართული დამაზიანებელი ქცევა, ქცევა, ის არ უზიარებდა თავის ნივთებს სხვას, არ იცოდა რიგის დაცვა, ახასიათებდა თავის არიდების ქცევა და აკვიატებები, აღენიშნებოდა თერაპიის განმავლობაში 3-4 ოპოზიციური ქცევა. მას ასევე უჭირდა, როგორც კალმის, ასევე ფანქრების სწორ პოზიციაში ჭერა, ასევე – მათი ფუნქციურად გამოყენება.
გარდა ამისა, როდესაც თერაპევტი მიზეზ/შედეგობრივ კითხვებს სვამდა, დემეტრეს პასუხის გასაცემად მინიშნება სჭირდებოდა.
დემეტრეს კომპლექსურ თერაპიებს უტარებდნენ: ქცევის, მეტყველების და ფიზიკური თერაპევტები.
თერაპიის შემდეგ:
ჩვენს ორგანიზაციაში ჩატარებული თერაპიების შედეგად, დემეტრე თავის საგნებს სხვებს უზიარებს, ოპოზიციური ქცევა ძირითადად აღარ ვლინდება, ასევე გაუმჯობესებულია თვით მოვლის უნარები, მან იცის რიგის დაცვა როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის დროს, დემეტრეს ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შეუძლია დღის მანძილზე მომხდარი ამბების მოყოლა, მიზეზ- შედეგობრივ კითხვებზე რამდენიმე სიტყვიანი წინადადებებით პასუხის გაცემა, მისი სურვილების გადმოცემა, ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულება, ასევე სამუშაო გარემოს მოწყობა და სამუშაო პროცესის დაგეგმვა.