დღის ცენტრი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
ამ დღის აღნიშვნას აუტიზმის მზარდი სტატისტიკა განაპირობებს, რაც მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება. არსებული სტატისტიკის მიხედვით აუტიზმი მსოფლიოში 100-დან 1 ადამიანს აქვს და ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება.
დღეს ორგანიზაცია “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების” დღის ცენტრის ბენეფიციარებმა პაზლები ერთად ააწყვეს და მაისურებზე ხელით აუტიზმის სიმბოლიოები დახატეს.
რა არის აუტიზმი?!
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან 1-ს აქვს აუტიზმი.